დიმიტრი უზნაძე
ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე,
ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი,
1917–1919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941),
საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
ცენტრის ისტორია
1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე.მას შემდგომში „დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ეწოდა”. სწორედ ამ ინსტიტუტში, 1990-იანი წლებიდან, კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას დიმიტრი ნადირაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი თავის გუნდთან ერთად იკვლევდა სოციალური განწყობის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს ფსიქოთერაპიის და მათ შორის გეშტალტთერაპიის სფეროში. უკვე 1990 წლებში, მან “დ. უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის” პროგრამაში შეიტანა გეშტალტთერაპიის თეორია და მეთოდოლოგია.
სამეცნიერო შრომები
დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "განწყობის თეორია", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა 1923 წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია.
ჯერ კიდევ 1939 წელს სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.
დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.